eng

გარშემომყოფები ფიქრობდნენ, რომ ვერ შევძლებდი

მე ვარ მილენა ვარდანიანი, 17 წლის, დავამთავრე ბათუმის მე-7 საჯარო სკოლა (რუსული სექტორი). ვარ ოქროს მედალოსანი და ამჟამად ვსწავლობ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში (SDSU-Georgia) სამშენებლო ინჟინერიის ფაკულტეტზე. მანამ, სანამ პროფესიას ავირჩევდი და ის უნიკალური შესაძლებლობა გამოჩნდებოდა ჩემს ცხოვრებაში, რომ მესწავლა ამერიკულ უნივერსიტეტში, საქართველოში, სრული დაფინანსებით, ბევრი დაბრკოლება გამოვიარე.

მამაჩემი იყო ფიზიკოსი. პატარაობიდანვე მასთან ერთად ვაწყობდი სხვადასხვა ნივთს, მაგალითად, ტელევიზორის დედაპლატას და სწორედ აქედან წარმოიშვა ჩემი ინტერესი ინჟინერიის სფეროს მიმართ. როდესაც ჩემი თანატოლები ტომ სოიერის თავგადასავალს კითხულობდნენ, მე მხოლოდ სქემები და სამეცნიერო ენციკლოპედიები მაინტერესებდა.

მთავარი ინტერესის გარდა, ასევე მაქვს სხვადასხვა ჰობი: სიმღერა, ცეკვა და ხატვა.

ყოველთვის მინდოდა პროფესია ტექნიკური განხრით ამერჩია, მაგრამ არ ვიცოდი კონკრეტულად რომელ სფეროში.

არსებობს სტერეოტიპი, რომ ქალები მშენებლობაში ნაკლებ წარმატებას აღწევენ და ეს აზრი მუდამ მაფერხებდა გადაწყვეტილების მიღების დროს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მესმოდა „რა გესაქმება ინჟინერიაში, ქალი ხარ და ოჯახისთვის დაკარგული იქნებიო“. მინდა აღვნიშნო, რომ ჩემს გარშემომყოფებს დღემდე უკვირთ ჩემი პროფესიული არჩევანი და პესიმისტურად არიან განწყობილი. ბევრი თავიდანვე იმას მეუბნებოდა, რომ ვერ შევძლებდი კარგ უნივერსიტეტში ჩაბარებას, რადგან ქართულს კარგად არ ვფლობდი და არც იმის შესაძლებლობა მქონდა, რომ დამატებით მოვმზადებულიყავი სხვადასხვა საგანში.

ბევრჯერ გამიკეთებია ის, რის გაკეთებასაც, გარშემომყოფები ფიქრობდნენ, რომ ვერ შევძლებდი. ჩემი მიზანია, რომ გავხდე ერთ-ერთი წარმატებული მშენებელი ქალი და სხვებსაც მივცე სტიმული იბრძოლონ თავიანთი ოცნების ახდენისათვის მიუხედავად სხვადასხვა დაბრკოლებისა.




მეორე ფაქტორი, რამაც გადამაწყვეტინა სამშენებლო ინჟინერიის სწავლა, იყო ბათუმში მომხდარი „ლეო გრანდის“ უბედური შემთხვევა, რომელიც  მშენებლობის დროს დაშვებულმა შეცდომამ განაპირობა და არის მაგალითი იმისა, თუ როგორი ფატალური შედეგის გამოწვევა შეუძლია სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების დარღვევას. ამ შემთხვევის შემდეგ უფრო დავრწმუნდი, რომ ჩემი მომავალი კონსტრუქციულ ინჟინერიაში იყო და ვერაფერი შემაჩერებდა ჩემი მიზნის განხორციელებაში, რომ ყველაფერი გამეკეთებინა ასეთი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად.

ყოველდღე ქუჩაში სიარულისას ვამჩნევ შენობებს, რომელიც არასაიმედოდ არის აშენებული და სასწრაფოდ ითხოვს განახლებას. ჩემი პროფესიის დადებითი მხარე ის არის, რომ ამ საქმით ქვეყანას და ხალხს ეხმარები. მეძლევა შესაძლებლობა ჩემი ქვეყნის განვითარებაში თუნდაც მცირე წვლილი შევიტანო.

მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 17 წლის ვარ,  ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ ბევრი რამ მასწავლა. მათ შორის ის, რომ სწორედ იმ ადამიანებს, ვისგანაც არავინ არაფერს ელის, შეუძლიათ  წარმოუდგენელ წარმატებას მიაღწიონ. სწორედ ეს აზრი მამოძრავებს ჩემი მიზნის მიღწევისათვის და მაძლევს სტიმულს არასოდეს დავნებდე.