eng

ადამიანი, როგორც სტარტაპი

ნესტან ვარშანიძე│ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტი│ეკონომიკური დებატების პროექტის ხელმძღვანელი


დღეს ძალიან ბევრს წერენ სტარტაპზე. ინტერნეტ თუ სხვადასხვა საკონსულტაციო კომპანია ხშირად გვიზიარებს ინფორმაციას, როგორ დავიწყოთ ახალი ბიზნესი, რა ასპექტები უნდა გავითვალისწინოთ. დღეს მე ამაზე არ ვისაუბრებ. მინდა დავწერო ადამიანზე, როგორც სტარტაპზე.

დღეს ჩემი თანატოლები და მათ შორის მეც, იშვიათად ვართ დასაქმებული არჩეული პროფესიის მიმართულებით. შეიძლება გამომწვევი ფაქტორები იყოს: არასწორად შერჩეული პროფესია, კომპეტენციის ნაკლებობა, დასაქმების ბაზრის დესტრუქტურიზაცია, დამსაქმებლების მხრიდან ახალგაზრდებთან მუშაობის ნაკლები სურვილი...

როგორ მოვიქცეთ?
ამ დროს მნიშვნელოვანია საკუთარი რესურსები სწორად შევაფასოთ, სანამ დროა შევცვალოთ არსებული „ბიზნესი“და დავიწყოთ „სტარტაპი“.

სტარტაპ ბიზნესის დაწყებისას აუცილებელია გქონდეთ ბიზნეს გეგმა. ერთი შეხედვით ლოგიკურია, როდესაც იწყებ საქმიანობას, იცოდე შენი იდეა, დაახასიათო პროდუქტი/მომსახურება, გაწერო და გაიანგარიშო ფინანსური მაჩვენებლები. რატომ ვაკეთებთ ამას? მიზეზი მარტივია, ეს გვიჩვენებს ჩვენი ბიზნესის საწყის წერტილს, განვითარებისათვის გვაწვდის ინფორმაციას. ასევეა ადამიანებშიც, ჩვეულებრივ, იშვიათია ხოლმე, როდესაც ადამიანს არ აქვს გრძელვადიანი გეგმა მაინც იმისა, თუ სად ხედავს და სად წარმოუდგენია თავისი თავი.
საკუთარი გამოცდილებიდან მინდა გაგიზიაროთ, რომ მართლაც, დღე, რომელიც წინა საღამოს დამიგეგმავს, ჩამომიწერია სხვადასხვა პუნქტი გასაკეთებელი საქმეებისა, გაცილებით უფრო ეფექტიანი აღმოჩნდა ჩვეულებრივ დღესთან შედარებით. მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ ჩვენი დრო, რესურსები, რომელიც უნდა გადავანაწილოთ მთელი დღის განმავლობაში, ასევეა სტარტაპის დროსაც, ბიზნესგეგმის დაწერისას.

სტარტაპ ბიზნესის დაწყებისას აუცილებელია გყავდეთ საიმედო პარტნიორები. შეიძლება თქვათ, ბევრ შემთხვევაში ინდივიდუალურადაც დაუწყიათ საქმიანობაო, თუმცა ბიზნესის ციკლის პერიოდში ხშირად დასაყრდენი ძალა - შერჩეული პარტნიორი ყოფილა. მეც ერთხმად შემიძლია ვთქვა, რომ რაც აქამდე პროექტი გამიკეთებია ყველა იყო გუნდური ან პარტნიორთან ერთად დაგეგმილი. დიახ, მარტო საქმის კეთება ფაქტობრივად შეუძლებელია.

ხშირად საქმეს ვიწყებთ ისეთ პიროვნებასთან ერთად, რომელიც სრულად იზიარებს ჩვენს დამოკიდებულებებს. პირადად მე ამას არ გირჩევთ. ის ჯანსაღი კრიტიკა, რომელიც მიმიღია ხოლმე ჩემი პარტნიორებისგან, გადამწყვეტი აღმოჩენილა რიგ საკითხებში.

სტარტაპ ბიზნესის დაწყებისას აუცილებელია მარკეტინგი. სოციალური მედია, როგორც მარკეტინგის ნაწილი დამწყები ბიზნესმენებისათვის დასაყრდენ პლატფორმად მიიჩნევა. მის როლს დღითიდღე უკეთ ვიაზრებთ. მარკეტინგი, რაც გულისხმობს მომხმარებელთან კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობას, კიდევ უფრო დიდი წილით შემოდის ჩვენს ცხოვრებაში და ხდება ყოველდღიურობის ნაწილი.

მთავარი ასპექტია აუდიტორიის არსებობა, რომელიც ჩვენი მეგობრებისა თუ გამომწერების სახით ღებულობენ ინფორმაციას ჩვენ შესახებ. ვქმნით და ვაზიარებთ პოსტებს, მოსაზრებებს, დამოკიდებულებებს. აბა გადახედეთ თქვენი სოციალური ქსელის პროფილს, პოსტებს, დავინახავთ ვინ ვართ ჩვენ და როგორ გვხედავენ სხვები.

სტარტაპ ბიზნესის დაწყებისას აუცილებელია მოემზადო არაფრისთვის. დიახ, ეს ის ნაწილია რომელიც ყველას ყოველთვის გვჭირდება. წარმოიდგინეთ, გაქვთ იდეა, იწყებთ იმ იმედით, რომ გამოიწვევს ბუმს, გაიყიდება პროდუქცია, გამდიდრდებით და ასე იცხოვრებთ უდარდელად. თუმცა ეს ასე არ არის. ხშირად საწყის ეტაპზე იმდენად აღფრთოვანებული არიან სტარტაპერები თავიანთი თავითა და ბიზნეს იდეით, რომ მხოლოდ დადებითი, პოზიტიური პროგნოზებითა და იმედით შემოიფარგლებიან. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ბიზნესი განვახორციელოთ დედამიწიდან, ვიყოთ რეალურები და არ შევიქმნათ ილუზიები. ეს ბოლო განსაკუთრებით სარწმუნოა, წყარო - პირადი მწარე გამოცდილება. გეტყვით, რომ იყო მცდელობა მე და ჩემს მეგობრებს დაგვეწყო ერთი მომგებიანი სტარტაპი. ვიყავით ჩამოყალიბებული პროდუქციის ფორმაში, დიზაინში, გაყიდვებში, ფუნქციებიც კი გადანაწილებული გვქონდა. თუმცა რეალური ამბავი დაიწყო მაშინ, როცა ეს გამზადებული იდეა, გეგმა დარჩა მხოლოდ კარგად გათვლილ იდეად. აქედან ვისწავლე ყველაზე მეტი. ეს არის შემთხვევა, რომელიც ძირითადად გამოიწვია მხოლოდ ჩვენმა ენთუზიაზმმა და ერთმანეთზე დამოკიდებულებამ. ბიზნეს იდეის ქონა არ ნიშნავს თავისთავად წარმატებას.
თუმცა ნათქვამია ცდა ბედის მონახევრეაო.

ჩვეულებრივ, ყოველ ახალ დღეს შეიძლება ჩვენც ვიყოთ სტარტაპები. სავსებით შესაძლებელია ერთ ჩვეულებრივ დღეს ყველაფერი გამოვიდეს, მთავარია სტარტი.
ასე რომ, ვიყოთ საკუთარი თავის სტარტაპერები.