eng

ჩვენი სურვილია, აღვადგინოთ კაფე "ფანტაზია" ბათუმში ❘ GGM

"ჩემი ბავშვობა", "ბავშვობა მახსენდება, რომ ვნახულობ", "აფხაზეთიდან ვინც ხართ, ბიჭვინთა გაგახსენდებოდათ, საერთო ავტორი ჰყავს", "ბავშვობის ტკბილი მოგონება, ყოველ კვირას დავყავდით მამას და როგორ გვიხაროდა", "კი, ჩემი ბავშვობისდროინდელი, მაშინ მეტი არაფერი იყო", "აქაური ნაყინის გემო სულ სხვა იყო", "ვისთვის ფანტაზია, ვისთვის რვაფეხა, ვისთვის ურჩხული და ვისთვის მედუზა. ბავშვობის მოგონებები", "ჩემი სტუდენტობისდროინდელი კაფე", "დღესაც მახსოვს ნაყინის გემო მაგ კაფეში", "ჩემი ბავშვობა და ახალგაზრდობის ტკბილი მოგონებები", "აქ გავატარეთ ბავშვობა! სკოლიდან გავიპარებოდით ხოლმე და აქ ნაყინს მივირთმევდით...", "ყველას გვქონდა აქ გადაღებული ფოტო", "ჩემი ბავშვობის საუკეთესო წლები ამ სანაყინეს უკავშირდება", ბავშვობაში, დელფინის კუდზე ვიჯექი და გადმოვვარდი, ცხვირი მივიტეხე", "როგორ ველოდი ამ დღეს!! გული მიკვდებოდა ჩამონგრეულს და მიტოვებულს რომ ვხედავდი!! ბრავო!!", "აქ დამალობანას ვთამაშობდით ბავშვობაში, კარგია, რომ არ დაშალეს და აღადგინეს..."

აღდგა ბათუმის სავიზიტო ბარათი, კულტურული მემკვიდრეობის დამცველების საპროტესტო აქციების შემდეგ. ამ დღეს ელოდნენ ბათუმელები და აღდგენის შემდეგ ასე გამოხატეს "რვაფეხას" ისტორიულ კაფესთან დაკავშირებული მოგონებები სოციალურ ქსელში.

ქალაქის ისტორიას დაუბრუნდა მსოფლიოში აღიარებული არქიტექტორის გიორგი ჩახავას შემოქმედება, თუმცა ისტორიული შენობა ჯერ უფუნქციოდაა.

ჩვენ, როგორც მართვის სფეროში მოქმედი კომპანია, მზად ვართ აღვადგინოთ სტუდენტობისდროინდელი კაფე "ფანტაზია", ისევ ვაქციოთ ბათუმელებისთვის და არა მხოლოდ მათთვის, ბავშვობის და სტუდენტობის მოგონებების ადგილად. GGM პირობას დებს, რომ 10 წლის ვადით, აიღებს შემდეგ საზოგადოებრივ ვალდებულებებს:

 

✓ ’’რვაფეხაში’’ აღდგება სტუდენტური კაფე ’’ფანტაზია’’, რომელიც წელიწადის ყველა დროს იმუშავებს უწყვეტად (არ იქნება სეზონური);

✓ დასაქმდება არანაკლებ 70% სტუდენტი;

✓ აღდგება "რვაფეხას" ნაყინის და ყავის "სულ სხვა გემო";

✓ ’’რვაფეხას’’ ტერიტორიაზე მთელი წლის განმავლობაში განხორციელდება საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროექტები;

✓ ’’რვაფეხასთან’’ გადაღებული ფოტო ისევ ექნება ყველას. აღნიშნულ ტერიტორიაზე მოეწყობა ფოტო გადაღებისა და ადგილზე ბეჭდვის სერვისი;

✓ შეგროვდება ’’რვაფეხასთან’’ დაკავშირებული ფოტო, ვიდეო და წერილობითი ისტორიული მასალები, რომელიც გამოიცემა, როგორც ბეჭდური სახით, ასევე განთავსდება სხვადასხვა ოფიციალურ ონლაინ პლატფორმაზე.

 

ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ უწყვეტ რეჟიმში (12 თვე) კაფეს ფუნქციონირება ზღვისპირა ზოლში, მნიშვნელოვან ფინანსურ ინვესტიციასთანაა დაკავშირებული (ბულვარში ღია ტიპის კაფეები ძირითადად 4 თვე მუშაობს), თუმცა ჩვენთვის გამოწვევაა ქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის მაღალი ხარისხით მართვა. ჩვენი სურვილია, საჯაროდ განვიხილოთ ისტორიული პროექტის აღდგენასთან დაკავშირებული იდეები და შესაძლებლობები. 

 

მართვის კომპანია GGM-მა შესაბამისი წინადადებით უკვე მიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს.