eng

GGM-მა ხელი მოაწერა ქალთა გაძლიერების პრინციპებს

მართვის კომპანია GGM-მა ხელი მოაწერა ქალთა გაძლიერების პრინციპებს (WEPs). შედეგად, კომპანია შეუერთდა პრინციპების ხელმომწერი კომპანიების გლობალურ მოძრაობას. WEP-ის წევრობით GGM-ის გუნდი მზადაა, ხელი შეუწყოს ქალთა გაძლიერებას როგორც სამუშაო ადგილზე,ასევე დასაქმების ბაზარსა და საზოგადოებაში.

ქალთა გაძლიერების პრინციპები გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს გლობალური შეთანხმების ერთობლივი ინიციატივაა და წარმოადგენს ერთგვარ გზამკვლევს ბიზნესისთვის იმის შესახებ, თუ როგორ შეუწყოს ხელი გენდერულ თანასწორობასა და ქალთა გაძლიერებას.

პროექტის ფარგლებში, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ტექნიკური მხარდაჭერით, კომპანიაში ჩატარდება გენდერული შეფასება და შემუშავდება შესაბამისი სამოქმედო გეგმა, რომლის მიზანიცაა კომპანიაში ქალთა გაძლიერების პრინციპების დანერგვისთვის საჭირო კონკრეტული ნაბიჯების განსაზღვრა და შემდეგ, შესაბამისი აქტივობების განხორციელება.

მართვის კომპანია GGM 2016 წელს დაფუძნდა. ჰოლდინგური კომპანია აერთიანებს სხვადასხვა მიმართულების შვილობილ კომპანიას და პროექტებს წარმოების, ინფრასტრუქტურის, მშენებლობის, ტურიზმის და მომსახურების სფეროში.

GGM მუშაობს საქართველოში მოქმედ ბიზნესთან, კრიზისში მყოფ კომპანიებთან, ინვესტორებთან, სამოქალაქო, მედია, ბიზნეს ორგანიზაციებთან და საბიუჯეტო დაწესებულებებთან, ასევე ბიზნესის დაწყებით დაინტერესებულ მოქალაქეებთან.

GGM-ის გუნდის წევრები არიან სხვადასხვა სფეროში მუშაობის მრავალწლიანი, წარმატებული გამოცდილების მქონე ადამიანები. აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე,უმრავლესობა ქალია.