eng

პროექტი თხილის ბაღის მქონე ფერმერებისთვის

მართვის კომპანია GGM აჭარაში თხილის მეურნეობის გაძლიერების პროცესში ჩაერთო.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრს დღეს საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის (GHGA) და მართვის კომპანია "GGM"-ის წარმომადგენლები შეხვდნენ.

თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარეს, ბიზნეს კონსულტანტს მერაბ ჭითანავას აქვს სტრატეგია, როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს თხილის ხარისხი და წარმოება ისე, რომ გაიზარდოს ქართული თხილის ევროპის ბაზარზე ექსპორტი. ამას "Ferrero S.P.A"-ის თხილის შესყიდვების ყოფილი უფროსი მართვის კომპანიასთან პარტნიორობით და სამინისტროს მხარდაჭერით აპირებს. აღნიშნული სტრატეგიით, სამეგრელოში 2 წლის განმავლობაში 750 ჰექტარზე მაღალი ხარისხის თხილის მეურნეობა გააშენეს.

იმისათვის, რომ აჭარაში თხილის ბაღის მქონე ფერმერი ამ პროცესში ჩაერთოს, პირველ რიგში, ასოციაციის წევრი უნდა გახდეს. თხილის ბაღის მესაკუთრეებს მოემსახურებიან აჭარაში გადამზადებული კვალიფიციური აგრონომები, რომლებიც საველე პირობებში გავლენ და თხილის ხარისხის გაუმჯობესებასა და წარმოების გაზრდაზე, ყოველთვიურად, რეკომენდაციებს გასცემენ, ასევე მუდმივად დააკვირდებიან სამუშაო პროცესს.

გარდა ამისა, ფერმერები შეძლებენ ისარგებლონ შეღავათებით სხვადასხვა სერვისის მისაღებად, მათ შორის: ნიადაგის გამოკვლევა, თხილის მოვლა-მოყვანისთვის აუცილებელი ტექნიკის გამოყენება, მოსავლის შრობა. ამავე დროს, მათთვის ხელმისაწვდომი იქნება აგროკრედიტები სასუქებისა და პესტიციდების შესაძენად და სხვა სერვისები.

პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი თხილის საშრობი საწარმოს შექმნაა.