სამედიცინო დაწესებულებების მართვის სისტემა და ხარისხი ბათუმში - ამ თემაზე GGM-მა დისკუსია მოაწყო და მართვის სისტემაზე თავისი ხედვა საჯაროდ წარადგინა. GGM-ი მიიჩნევს, თუ სამედიცინო დაწესებულებების მართვის სისტემა არ შეიცვალა, ხარისხი ვერ გაუმჯობესდება. ასევე, უნდა გააქტიურდეს დისკუსია და დროა, სისტემამ (სახელმწიფო ორგანოები, სამედიცინო დაწესებულებები) მიიღოს დროული გადაწყვეტილებები ჯანდაცვის სფეროში.
დისკუსიის ორგანიზება იყო GGM-ის მხრიდან გამოხატული სოციალური პასუხისმგებლობა, რომელიც, ბოლო დროს, სამედიცინო დაწესებულებების რაოდენობის მატებასთან ერთად, ამ სფეროში გაზრდილმა პრობლემებმა განაპირობა.
- ძალიან ბევრი შემთხვევაა, როცა პაციენტები უჩივიან სამედიცინო მომსახურების ხარისხს;
- ერთსა და იმავე პაციენტს, ერთ კონკრეტულ პერიოდში, განსხვავებულ კვლევებს სთავაზობენ და სხვადასხვა დიაგნოზს უსვამენ;
- სამედიცინო დაწესებულებები, როგორც ბიზნესსუბიექტები, შემოსავლების გაზრდას ცდილობენ ახალი მიმართულებების დამატებით და არა კონკრეტულ დარგში გაძლიერებით;
- მაკონტროლებელი ინსტიტუციები ცალკეულ შემთხვევებზე ვერ ახდენენ ქმედით რეაგირებას;
GGM-ის ხედვაა:
✓ მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულებების ნაცვლად, ეს სფერო განვითარდეს პროფილურ მიმართულებებად;
✓ ერთ სამედიცინო დაწესებულებაში იყოს მხოლოდ მონათესავე მიმართულებები, სადაც ერთი პროფილის სპეციალისტები იმუშავებენ;
✓ სამედიცინო დაწესებულებებმა სახელმწიფოსთან ერთად უზრუნველყოს, მედპერსონალის უწყვეტი განათლების პროგრამების ამოქმედება.
პაციენტებს ექნებათ შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში, ერთ სივრცეში მოისმინონ ექიმთა გუნდის მიერ მიღებული ერთობლივი გადაწყვეტილება - დიაგნოზი.
ვრცლად, GGM-ის ხედვას გაეცანით ► გადაცემა "ჰეშთეგი".
პრეზენტაციის შემდეგ დისკუსია სხვადასხვა მიმართულებით განვითარდა - ექიმების პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობა, სამედიცინო გადაცდომებზე რეაგირება, საბჭოთა ჯანდაცვის სისტემა და თანამედროვე რეალობა. დისკუსიის მონაწილეების მოსაზრებებს, გაეცანით მედია ორგანიზაციების მიერ მომზადებულ სატელევიზიო და ონლაინ მასალებში ► ბათუმელები; აჭარის ტელევიზია; ტელეარხი 25.
შეხვედრას ესწრებოდნენ სამედიცინო დაწესებულებების მენეჯერები, ექიმები, პაციენტთა საინიციატივო ჯგუფის, უფლებადამცველი ორგანიზაციების, საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლების და მედიის წარმომადგენლები.